გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 2 აპრილს, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა, თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, დოქტორმა კარლ შტოფელმა (Prof. Dr. Karl Stoffele) ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ამ დღეს, გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია 20-მდე გერმანული უნივერსიტეტის რექტორებს, პრეზიდენტებსა და ვიცე-რექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი თსუ-სა და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ურთიერთობების დამყარებას შეეხო. ღონისძიება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ს მიერ იყო ორგანიზებული და მას ესწრებოდნენ DAAD-ს გენერალური მდივნის მოადგილე მიხაელ ჰარმსი (Dr. Michael Harms) და DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი (Gebhard Reul).
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
თსუ-სა და კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის შეთანხმების მიხედვით საფუძველი ჩაეყრება ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებას მიმართულებით „მდგრადი ტრანსფორმაციის მენეჯმენტი“ (Sustainable transformation management). ერთობლივ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მემორანდუმი შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში ამოქმედდეს საბაკალავრო პროგრამა და სტუდენტების პირველი ნაკადიც მიიღოს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს. 2016 -2023 წლებში, პროფესორ მაგდალენა შტუელბის (Prof. Dr. Magdalena Stuelb) ხელმძღვანელობით ყოველწლიურად იმართებოდა კავკასიის საზაფხულო სკოლა ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მონაცვლეობით თსუ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი მასპინძლობდა. ამ წლების განმავლობაში, აღნიშნული საზაფხულო სკოლის ფარგლებში, უამრავი გერმანელი სტუდენტი და პროფესორი ესტუმრა თბილისს და გაეცნო საქართველოს.
გარდა ამისა, თსუ-სა და კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ერზმუს პლუსის“ პროგრამის ფარგლებშიც. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალი სტუდენტი და პროფესორი ეწვია გერმანიას და ქალაქ რემაგენში გაცვლითი სემესტრი სრულად გაიარა.